English / ქართული / русский /
როლანდ ქათამაძე
დიდი დეპრესია და მისი გამომწვევი მიზეზები

ანოტაცია

საბაზრო ეკონომიკა დროდადრო განიცდის რყევებს და გადახრებს თავისი განვითარების ბუნებრივი დონისგან, ეს რყევები ზოგჯერ ხასიათდება მცირე ზომებით, ხოლო ზოგჯერ უდიდეს მასშტაბებს აღწევს. დიდი დეპრესია ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა იყო, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა მსოფლიო ეკონომიკას. არ წყდება კამათი მისი გამომწვევი მიზეზების ირგვლივ და ასევე არ არის ერთსულოვნება ეკონომისტებს შორის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში ეკონომიკური კრიზისების დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კრიზისების გაღრმავება და ნეგატიური შედეგების გაფართოება.

საკვანძო სიტყვები: დიდი დეპრესია, საფონდო ინდექსი, FDIC, დეფლაცია, ეკონომიკური კოლაფსი, დასაქმება, ერთობლივი გამოშვება, საბანკო რეზერვები, საბანკო რეზერვები.

 შესავალი

ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ სწავლობენ დიდ დეპრესიას, არის ის, რომ ის იყო მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური კატასტროფა მეოცე საუკუნეში და უდიდესი ეკონომიკური კატასტროფა ამერიკის შეეერთებულ შტატებში. 1929 და 1933 წლებს შორის, საქონლისა და მომსახურების წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაეცა ერთი მესამედით, უმუშევრობის დონემ მიაღწია 25%-ს, აქციათა ბაზარმა დაკარგა თავისი ღირებულების 80% და დაახლოებით 7000 ბანკი გაკოტრდა.

ანალიზისთვის, ერთი ფუნტი ქათმის ფასი დაეცა 38 ცენტიდან 12 ცენტამდე, კვერცხის ფასი დაეცა 50 ცენტიდან 13 ცენტამდე, ერთი გალონი საწვავის ფასი დაეცა 10 ცენტიდან ხუთ ცენტზე დაბლა. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ოჯახი შიმშილობდა და ძალიან ცოტას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჰყოლოდა საკუთარი მანქანა.

სხვა მიზეზი, თუ რატომ სწავლობენ დიდ დეპრესიას, არის ეკონომიკის აბსოლუტური, ძალიან დიდი მასშტაბის კოლაფსი. ფაქტია, დიდმა დეპრესიამ  ამერიკის შეერთებული შტატების ყველა რეგიონსა და ყველა ასპექტში პოვა ასახვა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რათა შეესწავლათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონცეფციები და კვლევები ეწარმოებინათ ეკონომიკაში. გარდა ამისა, დიდი დეპრესია გვიჩვენებს მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ფული, ბანკები და სააქციო ბაზრები თამაშობს ეკონომიკაში.

მესამე მიზეზი დიდი დეპრესიის შესწავლისა არის მთავრობის როლის დრამატული ცვლილება, განსაკუთრებით ფედერალური მთავრობისა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში. დიდ დეპრესიამდე ფედერალური მთავრობა ხარჯავდა ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის  3%-ზე ნაკლებს. 1939 წელს ფედერალური დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში[1] 10% - ამდე გაიზარდა (ამჟამინდელი მდგომარეობით ფედერალური ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20%-ს შეადგენს). აგრეთვე დიდმა დეპრესიამ ჩვენ მოგვიტანა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC), ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება, სოციალური დაცვის სისტემის დაბადება და პირველი ეროვნული მინიმალური ხელფასი.

რამ გამოიწვია დიდი დეპრესია?

ეკონომისტები კვლავაც განაგრძობენ დიდი დეპრესიის შესწავლას, რადგან ჯერ კიდევ განსხვავდება მათი აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ის. ბევრმა თეორიამ ამ ხნის განმავლობაში განიცადა მნიშვნელოვანი სრულყოფა, მაგრამ არ არსებობს ერთიანი აზრი და, რაც მთავარია, უნივერსალური პასუხი იმისა, თუ რამ გამოიწვია დიდი დეპრესია ან  როგორ გაჯანსაღდა ეკონომიკა საბოლოოდ.

პირველი, რაც ადამიანებს თავში მოსდით, როდესაც დიდ დეპრესიაზე ფიქრობენ არის 1929 წლის საფონდო ბაზრის კრახი. აღნიშნულმა საფონდო ბაზრის კრახმა გაანადგურა მნიშვნელოვანი სიდიდის სიმდიდრე. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საფონდო ბაზრის კრახმა გამოიწვია ეჭვი ეკონომიკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რამაც მიიყვანა მომხმარებლები და ფირმები თავიანთი დანახარჯების შემცირებამდე, განსაკუთრებით ძვირადღირებული საქონლის ჩამონათვალზე, როგორებიც არის ავტომანქანები და ტექნიკური მოწყობილობები. თუმცა, რამდენადაც დიდი არ უნდა ყოფილიყო საფონდო ბაზრის კრახი, ის თავისით ვერ გამოიწვევდა დიდ დეპრესიას.

 

გრაფიკი 1. S&P-ის საფონდო ინდექსი

ზოგი ეკონომისტი დიდი დეპრესიის გამომწვევ მიზეზებზე მიუთითებს პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკაზე და საერთაშორი ვაჭრობის კოლაფსზე.  Smooth-Hawley ტარიფმა 1930 წელს დრამატულად გაზარდა იმპორტირებული საქონლის დანახარჯები და გამოიწვია საპასუხო ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ საფონდო ბაზრის კრახს  და პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკას არ შეიძლება გამოეწვია დიდი დეპრესია.

 გრაფიკი 2. 75 ქვეყნის იმპორტის ღირებულება, გაანგარიშებული აშშ დოლარში

 

სხვა ექსპერტები გვთავაზობენ დიდი დეპრესიის სხვადასხვა ახსნას. ზოგი ისტორიკოსი დიდ დეპრესიას მოიხსენიებს, როგორც კაპიტალიზმის გარდაუვალ ჩავარდნას. სხვები დიდ დეპრესიას აბრალებენ 1920-იანი წლების “სიჭარბეებს“: მეტისმეტად ჭარბი რაოდენობის ფართო მოხმარების საგნების წარმოებას, ჭარბ შენობებს, ჭარბ ფინანსურ სპეკულაციებს და შემოსავლისა და სიმდიდრის არასათანადოდ განაწილებას. ეს ახსნები დიდად ეხმარება ეკონომისტებს შესაბამისი ანალიზისათვის. ერთი ახსნა მიუთითებს და აქცენტს აკეთებს საბანკო სისტემის კოლაფსზე და ფულის მიწოდების შემცირებაზე. გამოჩენილმა ეკონომისტებმა მილტონ ფრიდმანმა და ანა შვარცმა დაასაბუთეს, რომ ფულის მარაგის შემცირებამ გამოიწვია ერთობლივი გამოშვებისა და ფასების სწრაფი ვარდანა  ეკონომიკაში.[2]

როგორც კი ფულის მარაგი შემცირდა, უეცრად დაეცა დანახარჯები საქონელზე და მომსახურებაზე, როგორც აღმოჩნდა, ამან გამოიწვია ის, რომ ფირმებმა შეამცირეს ფასები და გამოშვება და გაათავისუფლეს სამუშაო ძალა. მოგების შემცირების შედეგად გაძნელდა მსესხებლებისთვის ვალების დაფარვა. საგრძნობლად იმატა დეფოლტებმა და გაკოტრებებმა, შეიქმნა სპირალი, რომლის შედეგადაც ბანკების უმეტესობა გაკოტრდა, ფულის მარაგის შემცირება სწრაფი ტემპით გრძელდებოდა,  ერთობლივი  გამოშვება, ფასები და დასაქმება კი ეცემოდა.[3]

 ფული, ბანკები და დეფლაცია

ეკონომიკის ფუნქციონირება დამოკიდებულია ფულზე. ფული განვითარდა ათასობით წლების წინ, რადგან ბარტერი  კარგად ვერ მუშაობდა. თანამედროვე ეკონომიკას არ შეუძლია ფულის გარეშე ფუნქციონირება და ეკონომიკის ტრენდი ხდება დაღმავალი, როდესაც ფულის რაოდენობა ან ფულის ღირებულება იცვლება მოულოდნელად და დრამატულად. ფულის დიდი მასით დაბეჭდვა და მისი ღირებულების შემცირება იწვევს ფასების ზრდას (ინფლაციას). მეორე მხრივ, ფულის მარაგის შემცირება და ფულის ღირებულების ზრდა იწვევს ფასების ვარდნას (დეფლაცია).

თანამედროვე ეკონომიკაში, დეპოზიტებს და არა მონეტებსა და ბანკნოტებს, აქვს ლომის წილი ფულის მარაგთან მიმართებით. საბანკო დეპოზიტები იქმნება, როდესაც ბანკები ქმნიან სესხებს, ხოლო დეპოზიტები მცირდება, როცა მსესხებლები აბრუნებენ სესხებს. სესხების რაოდენობა, რომელიც შეუძლიათ შექმნან ბანკებმა და, აქედან გამომდინარე დეპოზიტების მოცულობა, რომელიც არის შექმნილი, ნაწილობრივ დამოკიდებულია რეგულაციებზე, რეზერვების იმ დონეზე, რომლის დროსაც ბანკი ვალდებულია, ფლობდეს რეზერვების გარკვეულ მოცულობას და ნაწილობრივ ბანკირების შეფასებით და გადაწყვეტილების მიღებით ბიზნესის მიმართ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში  საბანკო რეზერვები მოიცავს ნაღდ ფულს, რომელიც ინახება ბანკის საცავებში და დეპოზიტებს, რომლებსაც ინახავენ ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკებში. რეზერვები გამოიმუშავებს ძალიან ცოტა სარგებელს ან საერთოდ არა, ასე რომ, ბანკებს არ სურთ მათი დიდი რაოდენობით შენახვა. მეორე მხრივ, ბანკები თუ მცირე რაოდენობის რეზერვებს შეინახავენ, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ რისკის წინაშე მოულოდნელად დეპოზიტების გატანისას დეპოზიტარების მხრიდან.

1930-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ოქროს სტანდარტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას უნდა გაეცვალა დოლარები ოქროზე ფიქსირებული ფასით. კომერციული ბანკები, ისევე, როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკები, ფლობდნენ თავიანთ წილს კანონის შესაბამისად, როგორც ოქროს ზოდებსა და მონეტებს.

ოქროს რეზერვების ზრდა, რომლის წყარო იყო ადგილობრივი წიაღისეულის მოპოვება ან ოქროს შემოდინება საზღვარგარეთიდან, მისცემდა ბანკებს შესაძლებლობას, გაეზარდათ თავიანთი სესხების მოცულობა, რის შედეგადაც გაიზრდებოდა ფულადი მარაგების მოცულობა. მეორე მხრივ, რეზერვების შემცირება შეამცირებდა ფულის მარაგის მოცულობას. მაგალითად, ნაღდი ფულის ან ოქროს მსხვილი გამტანები ბანკიდან შეამცირებდა ბანკის რეზერვებს, რომელიც ასევე შეამცირებდა დეპოზიტებს და, ამავე დროს, ფულის მარაგსაც.

დიდი დეპრესიის განმავლობაში თავდაპირველად ფულის მარაგი შემცირდა საბანკო პანიკის შედეგად. საბანკო სისტემა ეყრდნობოდა დეპოზიტორების ნდობას, რომლის დროსაც, როდესაც მათ მოუნდებოდათ თავიანთი ფონდების მიღება, ამას განახორციელებდნენ უპრობლემოდ. თუ ეს ნდობა შეირყეოდა, ხალხი  მასიურად დაიწყებდა ბანკიდან ფულის გატანას, რათა დაეზღვიათ რისკი იმისა, რომ არ დაეკარგათ თავიანთი ფულადი სახსრები.

იქიდან გამომდინარე, რომ ბანკები თავიანთი დეპოზიტორების მხოლოდ ცოტაოდენ წილს, ფლობენ   რეზერვების სახით, უეცარმა და მოულოდნელმა მცდელობამ დეპოზიტების ნაღდ ფულად გადაქცევისა, ბანკები მიიყვანა რეზერვების დეფიციტამდე. ჩვეულებრივ, ბანკები  დამატებით სახსრებს სესხულობენ სხვა ბანკებისგან ან ფედერალური სარეზერვო სისტემისგან. თუმცა სესხი სხვა ბანკებისგან გახდა ძალიან ძვირი და შეუძლებელიც კი, როდესაც დეპოზიტორები  მოთხოვნას ქმნიდნენ ყველა ბანკში. დიდი დეპრესიის განმავლობაში, ბევრ ბანკს არ შეეძლო ან არ უნდოდა სესხის აღება ფედერალური სარეზერვო სისტემისგან იმიტომ, რომ ისინი განიცდიდნენ შესაბამისი უზრუნველყოფის ნაკლებობას ან კიდევ არ ეკუთვნოდნენ ფედერალურ სარეზერვო სისტემას.[4]

ბანკებმა დაკარგეს რეზერვები  და შეუმცირდათ სესხები და დეპოზიტები, რამაც შეამცირა ქვეყნის ფულადი მარაგი. ფულის შემცირება დიდი ოდენობით, როგორც წესი, ასოცირდება დიდი რაოდენობით ბანკების გაკოტრებასთან, რამაც გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი.

ცოტა ფულმა და სესხების გაზრდილმა ხარჯებმა შეამცირა დანახარჯები საქონელსა და მომსახურებაზე, რამაც პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვია, დაეცა ფასები და დაითხოვეს მშრომელები. ფასებისა და მოგების ვარდნამ გამოიწვია ეკონომიკის პათოლოგიური მდგომარეობა. დეფლაციამ გაზარდა ვალის მოცულობა, რის გამოც ბევრ ფირმას და საოჯახო მეურნეობას აღარ შესწევდა უნარი, დაეფარა თავისი სესხები. გაკოტრებებისა დადეფოლტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რამაც ათასობით ბანკის გაკოტრება გამოიწვია. ყოველ წელს - 1930 წლიდან 1933 წლამდე 1000-ზე მეტი ამერიკული ბანკი დაიხურა.

ფასების ვარდნამ გამოიწვია ნომინალური სარგებლის განაკვეთების შემცირება, მაგრამ ფასები იმდენად დაეცა, რომ ის მინუს ნიშნით იყო, რამაც რეალური სარგებლის განაკვეთის ზრდა გამოიწვია. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ინვესტიციები რეალური სარგებლის განაკვეთზეა დამოკიდებული, საგრძნობლად შემცირდა ინვესტიციები, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა რეცესიული მდგომარეობა.

 

გრაფიკი 3.ნომინალური და რეალური სარგებლის განაკვეთი 1922-33 წლები

  დასკვნა

ახლა  ჩვენ უკვე შეგვიძლია დასმული საკითხი შევაჯამოთ შემდეგნაირად, რომ საბაზრო ეკონომიკა დროდადრო განიცდის რყევებს და ის როდის შეიძლება დაატყდეს თავს ეკონომიკას,  ამისა  პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ზემოთ ვნახეთ, ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კრიზისებისა და დეპრესიის გაღრმავებას შეიძლება თვით მთავრობამ შეუწყოს ხელი არასწორი პოლიტიკის შედეგად, რაც კიდევ უფრო ართულებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას. დიდი დეპრესია და იქ განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.

დიდმა დეპრესიამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად ის გამოწვეული იყო ფედერალური სარეზერვო სისტემის არასწორი მოქმედებების შედეგად, რასაც მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის  შემდგომში დახვეწა და, პრაქტიკულად, მსგავსი შეცდომები აღარ განმეორებულა ამის ნათელი მაგალითია უახლოეს წარსულში 2007 წლის გლობალური რეცესია, რომლის დროსაც სწორედ რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის სწრაფმა და ეფექტურმა რეაგირებამ იხსნა ფაქტობრივად ამერიკის ეკონომიკა მეორე დიდი დეპრესიისგან.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა დიოგენე, 2008.
  2. ხადური ნ., კაკულია ნ., ჩიქობავა მ., მაკროეკონომიკა (ლექციების კურსი ბვაკალავრიატებისათვის).
  3. Andrew B. Abel, Ben S. Bernanke, Dean Croushore, Macroeconomics, seventh edition
  4. https://www.stlouisfed.org/~/media/Files/PDFs/Great-Depression/the-great-depression-wheelock-overview.pdf
  5. http://www.history.com/topics/great-depression
  6. https://www.thebalance.com/the-great-depression-of-1929-3306033
  7. https://www.federalreserve.gov/boarddocs/speeches/2004/200403022/default.htm
  8. https://www.khanacademy.org/humanities/ap-us-history/period-7/apush-great-depression/a/the-great-depression


[1] In 1929, federal outlays totaled $3.1 billion (Economic Report of the President); GDP totaled $108.1 billion (Gordon, Macroeconomics).

[2] Milton Friedman and Anna J. Schwartz. A Monetary History of the United States, 1867-1960. Princeton: Princeton University Press, 1963.

[3] Federal Reserve Chairman Ben Bernanke wrote an important article showing that banking panics contributed to the nation’s economic collapse not only by reducing the money stock, but also by increasing the costs of borrowing and lending. Ben S. Bernanke. “Nonmonetary Effects of the Financial Crisis in Propagation of the Great Depression,” American Economic Review, June 1983, v. 73, iss. 3, pp. 257-76.

[4] Before 1980, only banks that were members of the Federal Reserve System could borrow directly from Federal Reserve banks.